ადამიანებს, რომლებიც თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომ გადარჩნენ, სხეულის სიგნალებისადმი დაბალი მგრძნობელობა ახასიათებთ
ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომ გადარჩნენ, eLife-ის კვლევის შედეგების თანახმად, სხვა ადამიანებთან შედარებით სუნთქვასა და გულთან დაკავშირებულ სხეულის სიგნალებს უფრო სუსტად აღიქვამენ და ამასთანავე ისინი ტკივილისადმი უფრო მეტი ამტანობითაც გამოირჩევიან.
ინდივიდში თვითმკვლელობის რისკის პროგნოზირება დღევანდელი ექიმებისთვის ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გარკვეული ფიზიკური მახასიათებლების იდენტიფიცირებით, რომლებიც თვითმკვლელობის მცდელობის მქონე ადამიანებს იმ ადამიანებისგან განასხვავებს, რომელთაც თვითმკვლელობა არასდროს უცდიათ, გასაქანი ეძლევა მომავალ კვლევებს, რომლებიც დაადგენენ თვითმკვლელობის რისკის მქონე ადამიანების ბიოლოგიურ ინდიკატორებს.
ჩვენი ტვინი მუდმივად აკონტროლებს იმ სხეულებრივი სიგნალების სტატუსსა და მდგომარეობას, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგალითად, გულისცემა, სუნთქვა და ის ტკივილი, რომელიც ქსოვილის დაზიანებითაა გამოწვეული. „ინტეროცეფცია“ — სხეულის შიდა მდგომარეობის შეგრძნება — გვიჩვენებს იმ გზას, რომელსაც ნერვული სისტემა გადის ჩვენს სხეულში ნერვული იმპულსების წარმოსაშობად, რაც გვეხმარება, რომ აღვიქვათ პოტენციური და არსებული საფრთხეები, რათა მყისიერად ვუპასუხოთ ჩვენი ქმედებით გამღიზიანებელს.
„ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობისგან განსხვავებით, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სუიციდური აქტით წინააღმდეგობა გაუწიოს გადარჩენაზე ორიენტირებულ ინსტინქტებს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, მეტი გაეგოთ თვითმკვლელობის აქტთა შესახებ და მათი პრევენციისთვისაც შეეწყოთ ხელი, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფაქტორები განაპირობებენ ადამიანში სუიციდურ ქცევას“ — აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი დენიელ დევილი.
ზემოხსენებულ საკითხზე მეტი ინფორმაციის გასაგებად დევილმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც იყო, გაეგოთ, დაკავშირებული იყო თუ არა შესუსტებული ინტეროცეფცია სუიციდის მცდელობებთან იმგვარ ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ფისიქიკური დარღვევები, მათ შორის დეპრესია, შფოთვა და პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობა. მათ კვლევაში მონაწილეობდა 34 ცდისპირი, რომელთაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა, და ასევე 68 პირი, რომელთაც აღენიშნებოდათ ხსენებული 34 მონაწილის მსგავსი ფსიქიკური მდგომარეობა, თუმცა არ ჰქონიათ წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა.
მკვლევართა ჯგუფმა ცდისპირებს სხვადასხვა სახის დავალებები მისცეს, რომელთა საშუალებითაც ისინი დააკვირდებოდნენ ცდის პირებში არსებული ინტეროცეფციული პროცესების მიმდინარეობას. ამ დავალებათა შორის იყო იმის გამოცდა, თუ ვინ უფრო მეტხანს შეძლებდა სუნთქვის შეკავებას, ასევე ე.წ. „სიცივის წნევის“ ტესტი (ინგლ. cold-pressor test), რომლის ფარგლებშიც ცდისპირს ხელი უნდა ჩაეყო გაყინულ წყალში, რის შემდგომაც იზომებოდა მისი გულისცემის სიხშირე და კანის გამტარიანობა. კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომელთაც წარსულში თვითმკვლელობის მცდელობის გამოცდილება ჰქონდათ, უფრო დიდხანს ახერხებდნენ სუნთქვის შეკავებასა და გაყინულ წყალში ხელის გაჩერებას, მათთან შედარებით, ვისაც წარსულში არ ჰქონია სუიციდის მცდელობის გამოცდილება. გარდა ამისა, წარუმატებელი თვითმკვლელობის მცდელობის მქონე ჯგუფი უფრო ნაკლებად ზუსტად აღიქვამდა თავის გულისცემას, ვიდრე ისინი, ვისაც არასოდეს უცდია თვითმკვლელობა.
კვლევით, ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ „ინტეროცეფციული სისუსტე“ უკავშირდებოდა ტვინის შედარებით დაბალ აქტივობას ე.წ. „კუნძულოვან ქერქში“ (ინგლ. Insular cortex) — ტვინის იმ უბანში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულის შინაგანი მდგომარეობის განსაზღვრასთან და ასევე მონაწილეობს ემოციებისა და თვითცნობიერების რეგულირებაში. ზემოხსენებული სისუსტის გამოვლინებაზე გავლენას არ ახდენდა არსებული ფსიქიკური დარღვევა, არც თვითმკვლელობაზე ფიქრი და არც მიღებული სამედიცინო დანიშნულების მედიკამენტები. აღნიშნული კი, როგორც ამას მკვლევრები აცხადებენ, მათ აძლევთ ვარაუდის საფუძველს, რომ ინტეროცეფციული სისუსტის გამოვლინება, შესაძლოა, თვითმკვლელობის მცდელობის აქტთან იყოს დაკავშირებული.
მკვლევართა თქმით, კვლევა გარკვეულწილად შეზღუდული იყო. იგი სრულად არ გვიჩვენებდა, ჰქონდა თუ არა განსხვავებული გავლენა ინტეროცეფციაზე თვითმკვლელობაზე უბრალოდ ფიქრსა და თვითმკვლელობის მცდელობის აქტის განხორციელებას. კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, რთულია იმაზე მსჯელობა, კვლევის ფარგლებში ინტეროცეფციაში დაფიქსირებული განსხვავებები წარმოადგენს თუ არა ინდივიდის თანდაყოლილ მახასიათებლებს.
ზემოხსენებული შეზღუდვების მიუხედავად, მკვლევართა ჯგუფის თანახმად, მათი კვლევა ასახავს ინტეროცეფციული დისფუნქციის შესაძლო როლს იმ ადამიანთა გამოაშკარავებაში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სუიციდური აქტისკენ. ამასთან, არსებული კვლევა საფუძველს უდებს შემდგომ კვლევებს, რომლებმაც უნდა დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა ინტეროცეფციის გაზომვით იმ ინდივიდების გამოყოფა, რომლებიც სუიციდური აქტის განხორციელების რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.