შეგიძლია თუ არა ისწავლო ძილში?

სმარტფონის აპლიკაციები და იუთუბ-არხები ესპანური ენის სწავლის მარტივ ხერხს გვთავაზობენ: გაიკეთებ ყურსასმენებს, მშვიდი ხმების - „Buenos días” და “¿Cómo te llamas?” - ფონზე ჩაიძინებ, გაიღვიძებ და უკვე ახალ ენას ფლობ!

„თუ გაიკეთებთ ყურსასმენებს და მოუსმენთ ენისშემსწავლელ ლექციებს ძილის დროს, ალბათ, ბევრს ვერაფერს ისწავლით“ - ამბობს ფსიქოლოგი მარკ ზასტი. ეს იმიტომ, რომ ახალი ინფორმაციის ათვისება არაა იმდენად მარტივი, რომ, ძილის დროს, ლექციის პასიურად მოსმენით შეძლო.

ნეირომეცნიერებმა, უკვე ათწლეულებია იციან, რომ ძილი არსებით როლს ასრულებს სწავლისა და დამახსოვრების პროცესში. პირველმა კვლევამ, რომელიც 1924 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ ადამიანებს უკეთ ამახსოვრდებოდათ უმნიშვნელო მარცვლები მაშინ, როდესაც ეძინათ სწავლისა და ტესტირების შუალედში. ეს აღმოჩენა უშვებს, რომ ძილი როგორღაც იცავს მეხსიერებას ინფორმაციის დავიწყებისგან.

ინგლისის იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, სკოტ კირნი, აცხადებს, რომ ძილი მომენტებზე „შენახვის ღილაკის“ დაჭერის ფუნქციას ასრულებს - ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ ძილი ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის პასიურად შენახვაა.

„ითვლება, რომ ძილის დროს აქტიური პროცესი მიმდინარეობს, რაც გარდაქმნის და განამტკიცებს მიღებულ ინფორმაციას“ ამბობს კირნი. „ეს განმტკიცების პროცესი ასევე მნიშვნელოვანია ახალი ინფორმაციის ასათვისებლად - გზას უხსნის ახალი ცოდნის მიღებას მომდევნო დღეს“.

როგორც ვიცით, ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღებისას შესაბამისი კავშირი წარმოიქმნება ნეირონებს შორის - მიღებული ინფორმაცია ჯაჭვს ქმნის ნეირონების მიერ, რომლებიც, მთლიანობაში, ნეირონულ, ინფორმაციულ ქსელს წარმოადგენს.

როდესაც დასასვენებლად დაწვებით, თქვენი ტვინის მუშაობა მცირე, მაღალი სიხშირის ტალღებიდან გადაინაცვლებს უფრო დიდ და დაბალ რხევებზე - ჩნდება ძილის თითისტარები. ეს გადანაცვლება განაპირობებს მეხსიერების რეაქტივაციას: ნეირონები, რომელთა აღგზნებაც ხდება მიღებული ინფორმაციის დამახსოვრებისას, ხელახლა აქტიურდებიან - აძლიერებენ კავშირს მათსა და თავად ინფორმაციას შორის.

ამ საკითხს კირნის ლაბორატორია სწავლობს ტექნიკის, სახელად targeted memory reactivation, გამოყენებით. ერთ კვლევაში, კირნიმ სთხოვა მოხალისეებს, დაემახსოვრებინათ სიტყვისა და სურათის წყვილები, როგორიცაა, მაგალითად, სიტყვა „ეგზოტიკური“ დაწყვილებული პეპლის სურათთან. თითოეული წყვილი ასოცირდებოდა უნიკალურ ბგერასთან ან ტონთან. შემდეგ, როდესაც ტვინის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ მოხალისეები შევიდნენ ღრმა ძილში, კირნის გუნდმა ზოგიერთი უნიკალური ბგერა ხელახლა ჩართო. შემდეგ დღეს, მოხალისეებმა უფრო მარტივად შეძლეს გაეხსენებინათ ის წყვილი, რომელთა შესაბამისი ბგერები, ღამით, ხელახლა ჩართეს.

შედეგები ცხადყოფს, რომ ძილის დროს მეხსიერების რეაქტივაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეხიერებისათვის. თუმცა, როგორც ჩანს, რაიმე შედეგის მისაღწევად, შესასწავლი პროგრამის ნაწილი ჯერ კიდევ მოითხოვს ღვიძილის პერიოდში ათვისებას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლოდროინდელი კვლევები, შვეიცარიის ბერნის უნივერსიტეტში ზისტისა და მისი კოლეგების ხელმძღვანელობით, ამტკიცებს, რომ მძინარე ტვინს ახალი ინფორმაციის ათვისების უნარიც აქვს - თუმცა, ალბათ, უნებლიეთ.

კვლევაში მონაწილეებმა მოისმინეს შედგენილი სიტყვები და მათი გერმანული თარგმანები ღრმა ძილის დროს. ტვინში ხდება აქტიურ და პასიურ ფაზებს შორის რხევა ღრმა ძილის დროს. მეორე დილას მოხალისეებს წარუდგინეს აღნიშნული შედგენილი სიტყვები და მათ შეძლეს განესაზღვრათ ისინი დიდ საგნებს წარმოადგენდნენ, თუ პატარას - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტყვათა წყვილი წარმოდგენილი იყო ძილის აქტიური ფაზის განმავლობაში.

„ამ კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენ ვაყენებთ ჰიპოთეზას, რომ აქტიური ფაზა წარმოქმნის ახალი ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობას ძილის ყველაზე ღრმა ფაზაში ... ესაა მეხსიერების იმპლიციტური, გაუცნობიერებელი ფორმა“ - ამბობს ზისტი. დამახსოვრების პროცესები რჩებოდა უცვლელი მომდევნო დილამდე მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეებს არ შეეძლოთ გაეხსენებინათ დასწავლის ეპიზოდები.

ზისტი ასევე გვაფრთხილებს, რომ სანამ ვიყიდით sleep-learning აპლიკაციას, ჯერ კიდევ ბევრია შესასწავლი ამ კვლევის ლაბორატორიის გარეთ გამოყენებამდე. „დროის შერჩევა მთავარია. ყველა ღრმა ძილი არაა ხელსაყრელი ძილში სწავლისათვის. ნამდვილად გჭირდებათ მიზანში მოახვედროთ სათანადო აქტიურ ფაზებს“ - ამბობს ის.

ერთ დღესაც, ჩვენ მართლა შეიძლება შევძლოთ ვაკონტროლოთ ძილი, რათა უკეთ ვისწავლოთ, მაგრამ, კირნის თუ დავუჯერებთ, მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა - „დიდი გზაა წინ, სანამ გამოვიყენებთ ჩანაწერებს ახალი ინფრომაციის ათვისებასა და ახალი ენის სწავლაში დასახმარებლად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძილი ესაა წებო რომელიც აერთებს სწავლისა და დამახსოვრების პროცესს ერთმანეთთან.“

ასე რომ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ახალი ენის შესწავლა, ჯერჯერობით კვლავ დღის განმავლობაში იმეცადინეთ და კონცენტრირდით კარგი ხარისხის ძილზე ღამით.

წყარო: https://www.brainfacts.org/thinking-sensing-and-behaving/sleep/2019/can-you-learn-in-your-sleep-100419