კრეატიულობის გამოთავისუფლება ტვინში

1995 წელს კომპიუტერული ანიმაციის შემქმნელმა ედ ქეთმალმა და ძალიან კრეატიული ადამიანების გუნდმა Pixar Animation Studio-ში რაღაც სრულიად ღირსშესანიშნავი გააკეთეს. მათ „სათამაშოების ისტორია“ შექმნეს — მსოფლიოს პირველი სრულმეტრაჟიანი კომპიუტერულად ანიმირებული ფილმი. ფილმმა მაყურებელი შეძრა და კრეატიულობის ფარგლები კინოსა და ტექნოლოგიებში ახალ ზღვრებამდე გააფართოვა, რამაც, თავის მხრივ, რევოლუცია გამოიწვია მთელ ინდუსტრიაში.

თითქმის ოცი წლისა და ხუთი აკადემიის ჯილდოს შემდეგ, ქეთმალი ამჟამად „Walt Disney-სა“ და „Pixar Animation Studios-ის“ ხელმძღვანელია და შემოქმედებით სფეროში ავტორიტეტად მიიჩნევა.

ყოველწლიური ლექციების სერიაზე „ნეირომეცნიერება 2013-ის დიალოგი ნეირომეცნიერებასა და საზოგადოებას შორის“, რომელიც იმ გზებს შეეხება, რომლებითაც ნეირომეცნიერება ჩვენ ირგვლივ არსებულ სამყაროსთან იკვეთება, ქეთმალმა რამდენიმე ისეთი საიდუმლო გაამხილა, რომელიც პიქსარში კრეატიულობის კულტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. „გულახდილობის წახალისებით, კონტროლის მოხსნით, შეუცნობელის აღიარებითა და შეცდომებისადმი ღია გარემოს შექმნით კრეატიულობის აყვავებაა შესაძლებელი“, თქვა მან.

ბოლო წლებში მეცნიერები უფრო მეტად დაინტერესდნენ იმით, თუ რა ხდება ტვინში, როცა ადამიანები კრეატიულ აქტივობებში ერთვებიან, მაგალითად, როცა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავენ, მღერიან ან იდეებზე მსჯელობენ.

როცა მუსიკოსები იმპროვიზებენ

კრეატიულობის ნერვული საყრდენების გამოსავლენად მეცნიერები ბოლო თაობის ციფრულ ტექნოლოგიას იყენებენ პროფესიონალი არტისტების ტვინში ჩასახედად. მაგალითად, ჯაზის არტისტებისა და თავისუფალი სტილის შემსრულებელი რეპერების შესწავლით მეცნიერებს შეუძლიათ, უფრო მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება ტვინი მუსიკის სპონტანურად შექმნას — იქნება ეს მუსიკალური ნოტებისა თუ სიტყვების საშუალებით.

ერთ-ერთმა ასეთმა კვლევამ ერთმანეთს ორი ტიპის ჯაზის პიანისტების ტვინის მუშაობა შეადარა — მათი, რომლებიც იმპროვიზებდნენ, და მათი, რომლებიც დამახსოვრებულ კომპოზიციას უკრავდნენ. ეს კვლევა ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) გამოყენებით გახდა შესაძლებელი. სენსორმოტორული და ენაზე პასუხისმგებელი ტვინის არეების გარდა, იმპროვიზაცია მედიალური პრეფრონტალური ქერქის (MPFC) აქტივობასთან იყო კავშირში — ტვინის ეს უბანი ინტროსპექციულ ფიქრზეა პასუხისმგებელი. იმპროვიზაცია ასევე კავშირში იყო დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქის (DLPFC) შემცირებულ აქტივობასთან. ეს რეგიონი, თავის მხრივ, ჩართულია ისეთ აღმასრულებელ ფუნქციებში, როგორებიცაა დაგეგმვა და აკრძალვა.

სხვა კვლევაში მეცნიერებმა fMRI ორი ტიპის რეპერების ტვინის შესასწავლად გამოიყენეს — ერთნი იმპროვიზებდნენ, მეორენი კი დასწავლილ ტესტს მღეროდნენ. ჯაზის პიანისტების მსგავსად, იმპროვიზაცია დაკავშირებული იყო MPFC-ის გაზრდილ და DLPFC-ის შემცირებულ აქტივობასთან.

შედეგების მიხედვით, მუსიკოსები უფრო მარტივად გამოხატავენ თავს, როცა ტვინის აღმასრულებელ კონტროლში ჩართული უბნები აქტიურად არ მუშაობენ.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როცა კოგნიტური კონტროლი მცირეა, აქტიურდება ტვინის ისეთი რეგიონები, რომლებიც მოიცავენ ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელს (DMN) — რომელიც ჩართულია ინფორმაციის არაცნობიერად დამუშავების პროცესში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქსელი, რომელიც მოიცავს MPFC-ს, ხელს უწყობს სპონტანური ფიქრის დაწყებას ოცნების დროს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრეატიულ ქცევაში.

შეუძლია თუ არა DMN-ს ადამიანის კრეატიული მიდრეკილებების ფორმირება? ამის გასარკვევად მეცნიერებემა ქალებისა და მამაკაცების ჯგუფზე სტრუქტურული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გამოყენეს. შემდეგ კვლევის მონაწილეებს 2 წუთი მიეცათ, რათა მაქსიმალური რაოდენობის პასუხები ჩამოეწერათ კითხვაზე „რისი გაკეთება შეიძლება აგურით?“

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო კრეატიული იყო მონაწილეების პასუხები, მით უფრო დიდი იყო რუხი ნივთიერების (ნერვული უჯრედების სხეულებისა და ბოჭკოების) მოცულობა DMN-ის რეგიონებში, მათ შორის თავის ტვინის მარცხენა წინა სოლსა და ე.წ. მარცხენა „კუნძულში“ (ინგლ. Insula) — რეგიონებში, რომლებიც ცნობიერებისა და თვითგააზრების პროცესში მონაწილეობენ — და MPFC-ის ორივე ნახევარსფეროში.

მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ადასტურებენ, DMN-ის გაზრდილი რაოდენობა წინ უძღვის კრეატიულ აზროვნებას თუ ის მისი შედეგია. კვლევა იმისა, თუ როგორ კავშირშია რუხი ნივთიერების კონცენტრაცია ტვინის კრეატიულ ფუნქციებთან, ჯერ კიდევ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ კრეატიულობის ნეირომეცნიერება ჯერ კიდევ შედარებით ახალი დარგია, ამ და სხვა კვლევების შედეგები კრეატიული არტისტებისა და მოაზროვნეების შესახებ აჩვენებს, რომ შემცირებული კოგნიტური კონტროლი მნიშვნელოვანია კრეატიულობისთვის.

როგორც ქეთმალმა „ნეირომეცნიერება 2013-ზე“ შეკრებილ ხალხს აუხსნა, ადამიანები მაშინ არიან ყველაზე კრეატიულები, როცა ისეთ გარემოში მუშაობენ, სადაც შეცდომების დაშვება მისაღებია. „ყველას აქვს კრეატიულობის პოტენციალი. ჩვენი გადაწყვეტილებები ააქტიურობენ ან ბლოკავენ მას. მოიხსენით შეზღუდვები, რათა გაიხსნათ“, თქვა ქეთმალმა. „მიზანი სიმარტივე კი არა, სრულყოფილებაა“.

მთარგმნელი: მეგი თედორაძე

წყარო: https://www.brainfacts.org/neuroscience-in-society/the-arts-and-the-brain/2014/unlocking-creativity-in-the-brain